მთავარი გვერდი
ლექსები
ლიტერატურა
სტატუსები
საბავშვო

LEQSEBI .NET - ლექსები, პოეზია,სიყვარული » ლექსები » Giorgi Zanguris - Leqsebi / გიორგი ზანგურის ლექსები

კატეგორია: ლექსები, ლექსი, მწერლები, პოეზია
 (ხმები: 94)
Giorgi Zanguris - Leqsebi / გიორგი ზანგურის ლექსები



ნუშმა იმრუშა მდიდარ აპრილთან
და უკანონო ეყოლა კვირტი.
ჭერამი იცვამს პერანგს ყვავილთა,
ატამს გაუბა ნიავმა ფლირტი.

ალუბლის ყვავილს ფუტკარი წველის,
ვაშლის ტოტებზე დახტის ბეღურა,
ტირიფმა ხშირი მოუშვა წვერი,
ალუჩას ქუდად ნისლი ეხურა.

მიეყრდნო ღობეს დაღლილი თხილი
მზემ ხელის გულზე შინდი დაისვა.
თუთას დააჯდა პეპელა ფრთხილი
და ბაღმა ჩუმად გაიმაისა...
გაზაფხულია!



***

დამღალა ზეცამ, იმდენს ვფიქრობ, ვოცნებობ იმდენს,
მიწას იმდენად დავაწექი, ღერძიდან მოძვრა,
ჩემს ფაშატ ლექსებს ახლადშობილ კვიცივით მივდევ,
დამჭკნარ ფოთლებზე წავიკითხე თებერვლის ლოცვა.

იმატა თოვამ, ჩემი სულით შევკარი გუნდა,
ჩამადნა ხელში უფლის რწმენა, ციური ზოლი
წარმართი გავხდი და ქალწული ნუშებით უნდა
გავხადო მარტი ჩემი ვნებით აშლილი ცოლი.

ვუყურებ წვიმას, ჩემი ქუჩის მტირალა სახეს,
მე მხოლოდ სუნთქვის შეკავებით ვაჩერებ ღრიალს,
ვჩურჩულებ ჯერარდაბადებულ შვილების სახელს
და ისევ ვიწყებ ნერვიულად ოთახში წრიალს.

წავაწყდი აპრილს, ყვავილებით დამტვერილ ალბომს
ვათვალიერე ხალისები, კოცნები შერწყმა
და გამახსენდა მთვრალი ბაღი, ლოგინი, პალტო
და კიდევ წამი სარკეში რომ ჩახედვის შემრცხვა

დაღამდა თეთრად, მე უძილო თვალებით ვზივარ
და ჩემი ჩრდილი მაგიდაზე ბოთლივით მიდგას,
ჭიქაში ვისხამ საკუთარ თავს, ძალიან ცივა,
ვამბობ ჯერართქმულ სადღეგრძელოს, მოგონილ სიტყვას

და ისევ ფიქრი, სხვების ნაცვლად ტკივილის განცდა,
ტარება უცხო სიზმრებიდან სხვათა გმირების,
ყველა სურვილი სხეულიდან ღილივით ამწყდა,
უკმაყოფილო სტუმარივით გარბის კვირები.

მტერივით ვებრძვი ჩემს ოთახში გამომშრალ ჰაერს
ვუკაწრავ მუცელს შხამიანი ფრაზების დაშნით,
შურისძიებით გონდაკარგულს მოვგავარ ლაერტს
და სიკვდილივით მე დედოფლის ბაგეზე დავშრი.

მივაწყდი სარკმელს, წავიკითხე ვარსკვლავთა ქვები
გარდაცვლილ მზეთა სასაფლაოს მოჰგავდა ზეცა
და გამითეთრდა ერთ ღამეში შიშისგან თმები
და იმ წამივით კვლავ სარკეში ჩახედვის შემრცხვა.


******


ქურდი

"ლოგინს შეეპარა გლეხის გოგო
ისე თამამი და კალმახური
ტანზე არ მაკმარა საბანი და
თავის სიმხურვალეც დამახურა.
ჯერ ჩამოიშალა ნაწნავები,
როგორც ქალწულობის მიტოვება,
ჩემზე გაიზმორა დალოცვილი
ისე ვნებიანად იტორება?!
სუნიც ისე ჰქონდა ალესილი-
ველურ ყვავილების სატევარი
ჩემდა უნებურად გავიფიქრე
"ღამე გამიხდება სათევარი".
ისე დამათენა ამბორები,
ისე გადიპარა აივნიდან,
მისი უტაქტობის მონატრება
ვიცი არასოდეს გაივლიდა
დამმშვიდობებოდა მაინც! "


***********




ქალაქი სადაც..

ბინძური ხალხით დასახლებულ ტერიტორიას-
ქალაქს, რომელსაც დაუნგრიეს სიცილის სკოლა,
სიზმრის მოყოლად გაუმხილეს მტერს ისტორია
და ყოველ ღამეს ტრადიციათ გადექცათ სროლა;

სადაც კარგავენ მეგობრები ძმობის შეგრძნებას
და პოეტები განთიადებს აღარ ხვდებიან,
სადაც ქალისთვის სიყვარულის ახსნა შეგრცხვება
და ლოლოები მაისშიაც აღარ დნებიან.

ნაგავსაყრელზე რომ შეხვდება გოგონას ბიჭი,
ყვავილის ნაცვლად რომ მიართმევს გატეხილ სარკეს
იქ სადაც კვდება მიჯნურებში ალერსის ნიჭი
და ბუხრის შეშად უკეთებენ ბალზაკს და მარკესს.

ქალაქს რომელსაც სასაფლაოს გალავანი აქვს
და მტრედებს ჭამენ ისე შიათ დაკარგვა რწმენის,
ღამე კახპებით დატვირთული ქარავანია,
სადაც სიცოცხლე - სულელია,სიკვდილი - ბრძენი.

სადაც ყოველთვის საუბრობენ ძალიან ცოტას,
მაგრამ ნერვებით,ერთმანეთის ზიზღით,ხმამაღლა,
სადაც სიკეთე გამოცდაზე აბარებს ცოდვას
და სიყმაწვილე ნაოჭებმა მტვერში დამარხა.

ასეთ ქალაქში შემოფრინდა ზაფხულის მაცნე,
პეპლების გუნდით, ყვავილების ლურჯი ნიავით,
იწრიალეს და საღამომდე ვერაფრით გაძლეს
ქალაქში, სადაც ვერ იპოვეს ადამიანი...


***************


ლამაზო ფეხები მიადგი ერთმანეთს
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი
შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის.
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!
არ იცი,მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის.
ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,
თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა
"რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო



*************


***

შენს ძუძუს თავებს-
ალუბლის მარცვლებს
დავკოცნი როგორც
ლალის საყურეს.
მზე ასუფთავებს
ვნებებს და განცდებს
და აღზნებული ტანზე დაგყურებს.

შენ გაშლი მკლავებს
ფეხებს და თრთოლვით
დაუცდი ნუშის
დაკვირტულ რტოებს.
გაზაფხულს კლავენ
უხეში თოვლით
და როგორც გუშინ
მე გტოვებ!გტოვებ!

მე მოვალ დილით,
როდესაც შენში,
სიზმარი ბოლო
აკორდს აიღებს..
და ისევ შიშველს
აგიყვან ხელში,
შერცხვება თოვას
და გადაიღებს.

მიგაწვენ ვარდის,
ფურცლების ზვინთად,
ხარ - ირემივით
მოგიძოვ ვნებას
და ისევ ბარდნის,
და შენთან მინდა,
და რაღაც ჩვენზე
უზომო ხდება.

მზე დადნა
შენი განცდების ცქერით,
გაიძრო ზეცა
და შენსკენ მოდის
და ვდგავარ,
როგორც სამყაროს მცველი,
და ვიბრძვი
შენი სურნელის ტოტით..




********


ყვავილების გვირგვინი


მუცლიდან გარეთ,
გარედან შინ,
რწევა აკვანში
რწევა აკვანში
რწევა აკვანში.
დედის გარეშე
პირველ ნაბიჯებს
სწავლობ მანეჟში,
სიტყვის უაზრო
ისმის თამაში:
მინდა "ატაში".
სკოლიდან სახლში
მარტო მიდიხარ,
უკვე დიდი ხარ,
თანაც ხიდი ხარ,
როცა მამიკოს
ლანძღავს დედიკო,
ყვავილებს ჩუქნი
კლასელ მედიკოს
არ იცი რატომ.
თანდათან პალტო
მოკლდება ტანზე,
წარმოდგენებმა
საკუთად თავზე
უცებ იმატა,
და გაგინათა აზრებმაც
გონი, მეგობრობაში
ჩახვედი კონი-
გამსკდარი ტუჩი
და შეუერთდი
ქუჩის დარაჯებს,
ბირჟას ამაგრებ.
თუთუნს არ აკლებ
რგოლებს და ნაფაზს,
ყვავილებს უკვე
უგზავნი მაკას.
წვერგაპარსული
ამთავრებ სკოლას,
და შენთან ბრძოლა
ბეზრდება ყველას,
თან შენს მაგივრად
გამოცდება ღელავს
მთელი ოჯახი.
თურმე ყოჩაღი
ბიჭი ყოფილხარ,
სტუდენტი გახდი
და შენთვის ნაღდი
საჩუქარია
ქეიფი, ღვინო,
ყვავილებს შენგან
ღებულობს ნინო-
შენი კურსელი.
ტუჩებს უსველებ
ლამაზ გოგოებს
და კარუსელი
ნაზად ტრფიალებს.
თამადა დაცლის
სავსე ფიალებს,
შენა ხარ ქმარი,
ყვავილის ბუკეტს
ზურგს უკნ ისვრის
თეთრონი მარი.
მუცლიდან გარეთ,
გარედან შინ,
რწევა აკვანში, რწევა აკვანში,
რწევა აკვანში.
გეყოლათ ბავშვი,
ცოლი კი შალში
გახვეული,
დაღლილი გიცდის,
სხვა ქალი გიწვდის
გაშლილ მკლავებს
და შენ ღალატობ.
მერე მთელი ღამე
ცოლთან კამათობ
ქალის არომატს
სუნამოს თმაში.
სული უბერე
ლოგინზე ჩამქრალ
ჭიაკოკონას
და პაწაწინა გაჩნდა
გოგონა,
სახელად ქეთი,
ყველაზე დიდი
სიხარული,
ყველაზე მეტი.
შენი ცხოვრება
ტრიალებდა
ბორბალი დროგის.
დრო კი...ოთახში
შვილიშვილი დარბოდა
ცელქი.
შენ თითქოს ქერქი
გაგიმაგრდა,
ითვლი ჭაღარებს,
კვირტი გახარებს
მოხუც ბაბუას,
ჭადარის კვირტი.
ქარს დაუკვირდი
-მოგონებას,
ფოთლებს გაგაცვენს,
საფლავს ჩაგაწვენს
და ყვავილების დაგადგამს
გვირგვინს.
სიჩუმე ირგვლივ...
მუცლიდან გარეთ,
გარედან შინ.
რწევა აკვანში,
რწევა აკვანში, რწევა აკვანში




გადმოიწერე : Giorgi Zanguris - Leqsebi / გიორგი ზანგურის ლექსები


ტეგები: giorgi zanguri, გიორგი ზანგურის ლექსები, giorgi, zanguri, გიორგი, ზანგური, ლექსები, leqsebi

კომენტარები: 0 | წაკითხვა: 18393 | დამატებულია: 22-03-2012, 02:47
გაზიარება
საიტის ნავიგაცია
ლექსები
მწერლები/პოეტები
სტატუსები
პოეზია
ჩანახატები
მოთხრობები
პოემები
სადღეგრძელოები
სიყვარული
გამოკითხვა


გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სქესი

ქალი
კაცი

 
ტოპ მწერლები
 
REMARQUE 19 ნოემბერი 2012
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 118
კომენტარები: 4

Danke 19 დეკემბერი 2011
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 96
კომენტარები: 14

kesane 19 თებერვალი 2013
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 44
კომენტარები: 0

karichaisdze 15 თებერვალი 2013
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 29
კომენტარები: 0

damiria 8 თებერვალი 2014
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 23
კომენტარები: 0

irinola 4 ივნისი 2012
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 21
კომენტარები: 14
რეკლამა

პოპულალური სიახლეები
კალენდარი
«    აპრილი 2014    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
მოიწონეთ გვერდი
ბოლოს ეძებდნენ

File engine/modules/searchcloud1.php not found.

სასარგებლო ბმულები
СТИХИ
Accommodation Tbilisi
DAIKIDE.NET
Tbilisi Appartments
MYTOP.GE
Tbilisi Rent
RAGBI.GE
სასიყვარულო საიტი
HOROSKOPI
ბინები დღიურად
Qartulad Natargmni Filmebi
STATUSEBI.NET
ლექსები სიყვარულზე
IHOW.GE
PRogramebi
MOVIES
Livescore
Leqsebi
massmedia.ge
Sprinter Game
ფილმები ქართულად
Live-Fc.net
Georesults.in
Rustavi 2
Statusebi
Fc Zestafoni Fun Club
Der.Ge - შენი გასართობი პორტალი
Binebi Dgiurad
ქართულად გახმოვანებული

მნიშვნელოვანი ტეგები:


..., :), anuki, bero95, deda, dedaze, jokonda, lamazi, leksebi, leksi, leqsebi, leqsi, misaloci, miyvarxar, poezia, rambler, siyvaruli, siyvarulze, statusebi, ავტორი:ნანა სადღობელაშვილი, გაზაფხული, გრძნობა, და, დედა, ემოცია, ირინოლა(ირინა ხურციძე), ლამაზი, ლექსები, ლექსი, მისალოცი, მიყვარხარ, მიშო დადიანი, მოთხრობები, ნანა სადღობელაშვილი, ნოველა, ოცნება, პოეზია, სიყვარულზე, სიყვარული, სტატუსები

ყველა ტეგის ჩვენება

არქივი:


მარტი 2014 (29)
თებერვალი 2014 (26)
იანვარი 2014 (30)
დეკემბერი 2013 (45)
ნოემბერი 2013 (35)
ოქტომბერი 2013 (23)